Ən son

აშურა - გლოვისა და თანაგრძნობის გამოხატვის დღესასწაული

14 Sentyabr 2018 - 15:33

დღევანდელ დღეს, ისლამური კალენდრის მიხედვით, სრულდება აშურას დღესასწაული, რომლის ლიტურგული გამოხატულება გლოვასა და მკერდში მჯიღის ცემაშია სიმბოლიზებული. ეს დღესასწაული ისლამური მთვარის კალენდრის მუჰარამის თვის მეათე დღეს იწყება და ორ დღეს გრძელდება. ყველა სხვა დღესასწაულისგან განსხვავებით, ამ დღესასწაულს არ ულოცავენ, ამ დღეს უსამძიმრებენ.

აშურა წარმოადგენს იმ ბრძოლის გახსენებას რომელიც 680 წელს მოხდა ქარბალაში, დღევანდელი ერაყის მიწაწყალზე. ამ ბრძოლაში წინასწარმეტყველ მუჰამედის (მშვიდობა იყოს მასზე) შვილიშვილი ჰუსეინი და მისი 72 მხლებელი ვერაგულად იქნენ მოკლული. მუსლიმები, განსაკუთრებით შიიტური ტრადიციის მიმდევართა შორის, მუჰარამის თვის პირველ ათ დღეს ქარბალაში მომხდარ ტრაგედიას გლოვობენ.

თავისი თალხი და სამგლოვიარო ხასიათით, ეს დღესასწაული გვახსენებს იომ-ქიფურის დღესასწაულს იუდაიზმში და წითელი პარასკევის დღესასწაულს ქრისტიანობაში. აშურას კომემორაციას ერთ-ერთი ცენტრალური და იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი უკავია შიიტურ ისლამში. თავისი დრამატული ლიტურგიული და რიტუალური გამოხატულებით აშურას სხვა ვერცერთი დღესასწაული ვერ შეედრება შიიტურ ტრადიციაში.

ერთი მხრივ, ჰუსეინის მოწამეობა სიმბოლო არის ღალატისა და უსამართლობისა, მეორე მხრივ, ის სიმბოლოა ყველა იმ ტკივილისა და ემოციური ტანჯვისა, რომელსაც უდანაშაულოდ ჩაგრული ადამიანი განიცდის ყველა თაობაში.

ჩემთვის პატივი იყო, ჩემს მუსლიმ და ქრისტიან მეგობრებთან ერთად, შარშან მუჰარამის თვეში მომელოცა ქარბალა, სადაც იმამ ჰუსეინის საფლავი მდებარეობს.  ეს იყო დაუვიწყარი რელიგიური გამოცდილება. არსად და არასდროს მენახა მანამდე ათასობით ქვითინით მტირალი ადამიანი: ქალები, კაცები, მოხუცები და ჯეელები. ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება, როგორი პატივით მიგვიღეს იმ გრანდიოზულ მეჩეთში, სადაც იმამ ჰუსეინის ოქრო-ვერცხლით გამშვენებული საფლავი მდებარეობს. როდესაც ჩვენი დაკუნთული დაცვა გზას მიგვიკვლევდა საფლავისკენ, ყურში მესმოდა „მასიჰი, მასიჰი!!“ (არაბულად „ქრისტიანები, ქრისტიანები!“). ეს საკმაოდ თვალშისაცემი იყო, მე და მეუფე ილია ოსეფაშვილი ანაფორებში ვიყავით შემოსილი. შიიტების ერთ-ერთ ყველზე წმიდა ადგილზე, სადაც გაცილებით მეტი მლოცველი ჩადის, ვიდრე მექაში, ჩვენ მიგვიღეს, როგორც თავისიანები. არა მარტო მიგვიღეს, არამედ ამ წმიდა ადგილას, მლოცველები ჩვენგან ითხოვდნენ დალოცვას. ერთხანს ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, როგორ გავკადნიერდე და მე როგორ დავლოცო ეს ხალხი, როცა ირგვლივ ამდენი აიათოლლა და მოლაა-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უარის თქმა არ შემეძლო. დასალოცად მოდიოდნენ მოხუცები, ახალგაზრდები, ქალები…

მე ვფიქრობ, რაც მეტი ქრისტიანი მოილოცავს ქარბალას, მით უფრო ადვილი იქნება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა და სიყვარულის დამყარება. ტკივილი ქრისტიანებმა, მუსლიმებმა და ყველა ადამიანმა, გინდ რელიგიური იყოს და გინდა არა, კარგად ვიცით რას ნიშნავს. ქარბალა კი უსამართლობის შედეგად მოყენებული ტკივილის გამოგლოვების სიმბოლოა.

მე სამძიმარს ვუცხადებ ჩემს შიიტ დებსა და ძმებს, რომლებიც დღეს ასრულებენ თავიანთი გლოვის პერიოდს. ამავდროულად, ჩემს სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაგრავენ თუ რელიგიური, თუ ეთნიკური, თუ რასობრივი, თუ პოლიტიკური, თუ რომელიმე სხვა ნიშნით.

http://www.tabula.ge