Ən son

ქრისტიანები და ქრისტიანობა ყურანში (11-ნაწილი)

30 Mart 2017 - 10:48

დაახლოებით ანალოგიური ვითარება გვაქვს ტერმინ "მუშრიქ"-ის შემთხვევაშიც. წარმოების მიხედვით, ეს გახლავთ `შარაქა~ ზმნის მეოთხე თემის აქტივის მიმღეობა. ამ ზმნის IV თემა `აშრაქა~ ნიშნავს:  მან უქცია იგი (ღმერთს) თანასწორად, იგი ღმერთთან ერთად თაყვანს სცემდა სხვა ღვთაებებს, იყო წარმართი, იყო მრავალღმერთიანი. ამდენად მუშრიქის ზოგადი მნიშვნელობა მრავალღმერთიანი, წარმართია და იგი თავდაპირველად მექელ წარმართებს მიემართებოდა, რომელთა შორისაც მუჰამადი ღმერთმა (ალაჰმა) ახალი მონოთეისტური სჯულის საქადაგებლად წარაგზავნა. ქრისტიანებთან დაკავშირებით კი ეს ტერმინი შესაძლებელია გამოყენებული იყოს მხოლოდ როგორც მეტაფორა, რომელიც ფიგურალურად ქრისტიანთა რწმენის ერთ-ერთ საფუძველს, წმინდა სამების დოგმატს, წარმართობასთან აიგივებს. ეს მომენტიც უფრო ისტორიული პლანშია საკვლევი, რადგან ყურანში მკაფიოდ ჩანს ის გრადაცია, რაც ქრისტიანთა მიმართ მუჰამად მოციქულის დამოკიდებულებამ გაიარა სამოციქულო მისიის დასაწყისიდან ბოლო (სიკვდილისწინა) პერიოდის სურებამდე. ამას გარდა, მუჰამადის შემდეგ ისლამურ სამყაროში დატრიალებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ ფაქტების შეფასებები ხშირად იცვლებოდა საზოგადოებრივ, რელიგიურ და სახელისუფლებო ავტორიტეტთა შეხედულებების მიხედვით, ან, უკეთ რომ ვთქვათ, დამოკიდებული იყო ამა თუ იმ ეპოქის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონიუნქტურაზე. ამის შესაბამისად ყურანიდან წამოღებული სხვადასხვა ტერმინი შესაძლოა თავისი თავდაპირველი, საღვთო წერილისეული მნიშვნელობისაგან რადიკალურად განსხვავებული აქცენტებით დატვირთულიყო. 
ამ მხრივ, შედარებისათვის, საინტერესოა, როგორ განმარტავენ დღევანდელი მუსლიმი თეოლოგები `შირქს~, რომელმაც მათ მსჯელობებში თანამედროვეობისათვის შესაფერისი დეფინიცია მიიღო. დღევანდელი ისლამური თეოლოგიის ერთ-ერთი დიდი ავტორიტეტის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში წარმართობა, ანუ კერპთაყვანისმცემლობა თავისი ადრინდელი, კლასიკური სახით, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მან უფრო შინაგანი ლატენტური ფორმა მიიღო, რაზედაც, სხვათა შორის, ყურანიც მიუთითებდა თავის დროზე. დღეს `შირქი~  შეიძლება გამოიხატებოდეს ქონების, ძეების ან ამსოფლიური სიამეების გადამეტებულ სიყვარულსა თუ დროების მიერ აღზევებულ ავტორიტეტთა (პოლიტიკურ-საზოგადო მოღვაწეთა, კინოს, ესტრადის, სპორტის ვარსკვლავთა) თაყვანისცემაში. ( 10,65) 
ამ საინტერესო განმარტების შემდეგ, ვფიქრობთ,   საგულისხმოა, რომ კლასიკური და მოგვიანო ხანის ისლამში არსებული სხვადასხვა განშტოებანი და დაჯგუფებანი ერთმანეთსაც ანუ თავიანთი რელიგიის წარმომადგენლებსაც კი ხშირად სდებდნენ ბრალს `მუნაფიკობაში~ ანუ თვალთმაქცობაში, ღვთის არაგულწრფელ აღიარებაში, "შირქში" ანუ მრავალღმერთიანობაში, `დალალაში~ ანუ სწორი გზიდან გადახვევაში და სხვა ისეთ ცოდვაში, რაც თავს იყრიდა "ქუფრის" ანუ ურწმუნოების თეოლოგიურ კატეგორიაში.
სხვათა შორის, ქუფრის კატეგორია არასოდეს მოიცავდა `აჰლ ალ-ქითაბს~, ანუ საღვთო წერილის ხალხებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ქრისტიანებს. ტრადიციული რელიგიათა აღმსარებელნი, ლოგიკურადაც შეუძლებელია, "ქაფირ"-ები (მრავლ. ქუფფარ) ანუ ურწმუნოები ყოფილიყვნენ; ყურანიდან ჩანს, რომ ამ ხალხებთან უკვე მისულია ალაჰის მოციქული, რომელიც ერთი ღმერთის თაყვანისცემასა და მონოთეისტური სჯულის საფუძვლებს ქადაგებდა. ამიტომ ისინი, შეიძლება იყვნენ ქუფრის თეოლოგიურ კატეგორიაში თავმოყრილი სხვადასხვა ცოდვის (`შირქი~, `დალალა~, "ისრაფ ფი დ-დინ"- გადამეტება სარწმუნოებაში და სხვ.) მატარებელნი, მაგრამ არა- ღვთის  სრულიად უარმყოფელი ურწმუნონი.

iman.ge